Sunday, June 14, 2009

flickr.com

View dfgdfgdf in a larger map
youtube.com

ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ „მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა“, კვართი მოუქსოვა. „ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“. გადიოდა ხანი, „წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა“ იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა „ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა“. თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.

იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოიძახებია: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!“ - და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული.

ეტყობა, მაცხოვრის ჯვარცმისას ელიოზი ძალზე აქტიურობდა. როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილი იყარეს, იგი სწორედ მას შეხვდა. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში „ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა“ და მიუძინებია „თავისი დედის ძილით“. ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრი უცდიათ, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან.

რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა.

აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. სახიერ უფალს წინასწარვე განეგო ჩვენი ქვეყნის „ერად საზეპუროდ შემზადებაი“ და ვინაიდან ღვთისმშობლის წილხვედრნიც ვიყავით, ამისათვის უფრო ღირს იქმნა იბერია „ამას საშინელსა მადლსა“. როგორც წმინდა ნიკოლოზ გულაბერისძე ბრძანებს, „ამისთვისცა უკვე წინასწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა რათა პირველადვე დაიწინდოს კვართითა მით და მადლით ღვთაებისა მისისათა“.

შემობრძანდა იბერიაში წმინდა ნინო და დადგა ჟამი უფლის კვართით დაწინდული „საზეპურო ერის“ ქრისტესთან ქორწილისა, შეერთებისა... ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მოსაღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. წვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. სასოწარკვეთილმა ეშმაკმა მათი შეშინება სცადა, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაამხო მისი მანქანება.

იცისკრა. ემოციებისგან დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონიაღა ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, „ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული“. ასე მოგვითხრობს „სვეტიცხოვლის საკითხავი“, ხოლო „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელშეუხებლად დამყარებულ